Accentnews.ge
"დიდმა შვიდეულმა" საქართველოს პროდასავლურ მომავალს მხარი უნდა დაუჭიროს"

"დიდმა შვიდეულმა" საქართველოს პროდასავლურ მომავალს მხარი უნდა დაუჭიროს"

22/06/2020 11:22:34 საგარეო პოლიტიკა

ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ევროპარლამენტარ ალექსანდრ ვონდრას განცხადებით, "დიდმა შვიდეულმა" საქართველოს პროდასავლურ მომავალს მხარი უნდა დაუჭიროს".

"როგორც ჩანს, დიდი შვიდეულის შეხვედრის ჩატარება ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19 პანდემიას ემსხვერპლება, თუმცა ისიც დასაშვებია, რომ სამიტის გადავადებამ პოტენციური გეოპოლიტიკური შეცდომებიც აგვარიდა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე, რაც მოხდებოდა კიდეც შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, უდიდესი შეცდომა იქნებოდა. იმედია, საღი აზროვნება დაბრუნდება იმ დროისთვის, როცა ამ შეხვედრის თარიღს ხელახლა დაგეგმავენ. ამჟამად რუსეთი არ შედის დიდ შვიდეულში და საამისოდ ძალიან კარგი მიზეზი არსებობს: რამდენიმე მეზობლის აგრესიული სამხედრო ოკუპაცია, ასევე დემოკრატიის და საერთაშორისო შეთანხმებების უპატივცემლობა და თვითგამორკვევის უფლების იგნორირება. ასობით ათასი ადამიანი ტერიტორიებზე დონბასიდან (უკრაინა) ყირიმამდე და ცხინვალამდე/სამხრეთ ოსეთამდე (საქართველო) დღემდე ცხოვრობს რუსული ჯარების თუ მილიციის მიერ უკანონო ოკუპაციის პირობებში.

საქართველო, ალბათ, საუკეთესო მაგალითია იმ ბუნებრივი კონფლიქტისა, რომელიც არსებობს ავტორიტარული აგრესიის და ეკონომიკური დაკნინების რუსულ მოდელს და თავისუფლების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასავლურ მოდელს შორის.

საქართველოს ჰყავს პროევროპული და პროდასავლური ხელისუფლება მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ხელმძღვანელობით, ხოლო ევროკავშირსა და ნატოში შესვლას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%. ქვეყანა დემოკრატიულია: „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შესაბამის მოლაპარაკებებში და დოკუმენტის შედგენაში.

ქვეყანა ასევე დგას ეკონომიკური თავისუფლების და გლობალური ვაჭრობის გზაზე. ამ ეტაპზე საქართველო ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას. ახლახან საქართველომ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმებას გაერთიანებულ სამეფოსთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი კლიმატის თვალსაზრისით.

და მაინც, მიუხედავად თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა (თუ სწორედ ამ პროგრესის გამო?), რუსეთის მტრული დამოკიდებულება და აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. წლის დასაწყისში აშშ-ის, ევროპის და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულმა ერთობლივმა გამოძიებამ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაც იყო ჩართული, გამოავლინა რუსეთის მხრიდან მასიური კიბერშეტევის დეტალები, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების ვებგვერდები და სხვა ელექტრონული ინფრასტრუქტურა. 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. და ამ შემთხვევაშიც (ისევე, როგორც უფრო დიდი სახელმწიფოების: მაგალითად, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში) შეშფოთების საგანს წარმოადგენს რუსეთის მიერ დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელება.

იმ დროს, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოს ტერიტორიის 20% იმყოფება რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ. ოფიციალური თბილისი განსაკუთრებული მოთმინებით აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ცდილობს რა ოკუპაციის საკითხის გადაჭრას მშვიდობიანი გზით და ოკუპირებულ რეგიონებში გამომწყვდეული მოსახლეობისთვის თავისუფლების მოპოვებას. დაძაბულობის ამ გზით დეესკალაცია წარმოადგენს სერიოზულ და პასუხისმგებელ მიდგომას, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში. მეორე მხრივ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოქმედება დასავლეთის მხრიდან და რუსეთის ზეწოლის გაგრძელება, რათა მან შეწყვიტოს სხვა სახელმწიფოების დემოკრატიაში ჩარევის მცდელობები. სწორედ ამიტომ იქნებოდა არასწორი გზავნილი დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მიწვევა.

პოლონეთის, ბალტიისპირა ქვეყნების და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის საბედნიეროდ, ისინი პირველნი იყვნენ რეგიონში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მე-5 მუხლით გარანტირებული პირობები, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, უზრუნველყოფს სიმტკიცის და სოლიდარობის მაღალ ხარისხს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების საპირწონედ. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მხრიდან მტრული განწყობა იმდენად მძაფრია, რომ ისეთი კიბერშეტევები, რომლებიც მოხდა, მაგალითად, ესტონეთში, ჩვეულ მოვლენად იქცა.

ისევე, როგორც გეოპოლიტიკის ბევრ სხვა საკითხში, აქაც პასუხი ისტორიულ წარსულში შეიძლება ვეძებოთ. ოდითგანვე რუსი ლიდერები ქადაგებენ იმპერიას და გავლენის სფეროებს. ჩვენთვის დასავლეთში ამ ტიპის აზროვნება ისევე მოძველებულია, როგორც მეფეთა ღვთაებრივი უფლებები. დღევანდელ მსოფლიოში არსებობს არა „გავლენის სფეროები“, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ბევრი მათგანი, საქართველოს მსგავსად, მტკიცედ იცავს და დაიცავს თავის დემოკრატიას.

ამ დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობებს და მოქალაქეებს, რომელთა წინაშეც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია, აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ბევრისთვის ეს მომავალი თავისუფალ მსოფლიოშია. ჩვენ, ვინც ამ გაუხშოებული ჰაერით ვსუნთქავთ, უნდა გვეყოს ზნეობრივი სიმტკიცე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის აღიარებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოვლად დაუშვებელია, რომ რუსეთს მიეცეს დიდ შვიდეულში თუნდაც დროებით დაბრუნების შესაძლებლობა", – აცხადებს ევროპარლამენტარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S