"დოლიძის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა სწორი"
22/06/2020 12:15:01 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ საბჭოს დატოვების თაობაზე ანა დოლიძის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა სწორი.
“ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა სწორი. ჩვენ არა მხოლოდ ბოლო თვეები, არამედ ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რომ ის აშკარად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო აქტიურ პოლიტიკაში.
სასამართლო რეფორმის ე.წ. პირველი ტალღის მონაპოვარი იყო, როდესაც პოლიტიკოსები სასამართლო სისტემიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაიყვანეს. სწორედ ამიტომ, ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის სწორი, თუმცა დაგვიანებული. მან მაინც დააზიანა სასამართლო სისტემა – ჩვენ გვყავდა საბჭოს წევრი, რომელიც ამავდროულად, აქტიური პოლიტიკით იყო დაკავებული”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ანა დოლიძემ 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს.მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დაარსა “მოძრაობა ხალხისთვის” და ახალი პრატფორმა, მის წინააღმდეგ “ბინძური, ორკესტრირებული, პიარკამპანია” გამძაფრდა.
სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დატოვოს თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.
ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობის საკითხზე თავისი მოსაზრება გამოხატა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც და მხარი დაუჭირა იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. ჯანეზაშვილმა ანა დოლიძეს მოუწოდა, განმარტოს, ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას, მოძრაობას „ხალხისთვის“ და რატომ?
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს ანა დოლიძემ საპასუხო კრიტიკით უპასუხა, იგი მიქაუტაძე-მეთოფიშვილი-გვრიტიშვილის კლანის გვერდით დგომაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მზად იყო პოლიტიკური საქმიანობის გამო კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ თავი სასამართლოში დაეცვა. ნაზი ჯანეზაშვილმა დავის სასამართლოს გზით გაგრძელებაზე უარი სასამართლოსადმი უნდობლობის გარდა უარი თქვა, ასევე იმ მოტივით, რომ ანა დოლიძე ამასაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდა.
ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის იმედს გამოთქვამდა, რომ ანა დოლიძე თავად მიიღებდა დროულ გადაწყვეტილებას.
ამავე განცხადებაში ეწერა, რომ პირმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები და ესმოდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.
პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღვოდა 18 ივნისს ანა დოლიძის, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილისა და პარლამენტის წევრ ლევან კობერიძის მიერ „ახალი პლატფორმის“ შექმნა.
ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად პრეზიდენტის კვოტით 2018 წლის იანვრში დაინიშნა. კონსტიტუცია პრეზიდენტს საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას ანიჭებს.


