“რუსული სამყაროს” იდეოლოგი: “უკრაინა და ბელარუსი ნებისმიერ ფასად უნდა მივიერთოთ”

22-06-2020 17:07:27 მითები და რეალობა

რუსი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, “რუსული სამყაროს” იდეოლოგიის ერთ-ერთი ლიდერი და აქტიური ლობისტი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გადამდგარი პოლკოვნიკი იგორ გირკინი (ფსევდონიმი “სტსრელკოვი”) აცხადებს, რომ “რუსეთი კიევის, მინსკის, ვიტებსკის, ბორისოვის მიერთების გარეშე ვერ იარსებებს”.

“რა რუსეთზე შეიძლება, ვისაუბროთ კიევისა და მისნკის, დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და ნიკოლაევის, ვიტებსკისა და ბორისოვის გარეშე?! მართალია, დღევანდელი რუსეთი ისტორიული რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს, მაგრამ ქვეყანა-სახელმწიფოს არ წარმოადგენს. უკრაინაც და ბელარუსიც ნებისმიერ ფასად უნდა მივიერთოთ! უკრაინელები და ბელარუსები ცალკე ხალხები არ არიან, ისინი დიადი რუსი ხალხის ნაწილია!” - წერს გირკინი სოციალურ ქსელში.

ამ იდეოლოგიისვე აქტიური მხარდამჭერია პრეზიდენტი პუტინიც, უბრალოდ გირკინისა და სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, იგი, როგორც ოფიციალური პირი, ამ იდეებს არა სისტემატიურად, არამედ პერიოდულად და სხვადასხვა არგუმენტებით შენიღბვით ახმოვანებს.

"საბჭოთა კავშირის შექმნისას მის შემადგენლობაში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწა და ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები. საბჭოთა კავშირის დაშლისას ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ იმით, რითაც მოვიდნენ და თან არ უნდა წაეღოთ უთვალავი რაოდენობის ტრადიციულად რუსული მიწები", – აცხადებს, რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მალე ტელეარხ "Россия -1"-ზე გავა.

პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ რესპუბლიკებს და მიწებს გულისხმობდა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის შექმნისას ხელშეკრულებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები".

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე საუბრისას კი მან განაცხადა: "2014 წელს რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი იყო. ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი".

მოგვიანებით პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელსაც ჟურნალისტებმა პრეზიდენტის განცხადების შინაარსის განმარტება სთხოვეს, აღნიშნა, რომ რუსეთს "მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს», მაგრამ მაშ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა პუტინი – აღარ დაუკონკრეტებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები