კარპენტერი: „კრემლს ქართული საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს“
23/06/2020 06:28:59 პოლიტიკა
დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველის, ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებით, კრემლს საქართველოს საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს. ამის შესახებ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათ გარშემო მცხოვრებ ქვეყნებს სურთ იყვნენ დამოუკიდებლები და სუვერენულები.
„რუსეთი საქართველოს ისევ უყურებს, როგორც ვასალ ქვეყანას: კრემლი ფიქრობს, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. კრემლს საქართველოს საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს – თითქოს საქართველო ვერ ხედავს იმას, რომ რუსეთი აგრძელებს ქვეყნის 20%–ის ოკუპაციას. მაგრამ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი საკუთარ აზრს, რას ფიქრობს რუსეთის ოკუპაციაზე და იმაზე, რომ კრემლი მათ როგორც კოლონიას, ისე უყურებს. არ მგონია, კრემლს გასული წლიდან გაკვეთილები ესწავლა. რუსეთის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათ გარშემო მცხოვრებ ქვეყნებს სურთ, იყვნენ დამოუკიდებლები, სუვერენულები და თვითონ მიიღონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. რაც მალე გააცნობიერებს კრემლი ამას, მით უკეთესი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის იმედი მაქვს”,- განაცხადა კარპენტერმა.


