
გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს ენმ საკონსტიტუციო ცვლილებების III მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას
23/06/2020 10:35:11 საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს ენმ საკონსტიტუციო ცვლილებების III მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საერთო კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია მეტი პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი იქნება.
„კონსტიტუცია ფაქტობრივად მიღებულია. დარჩა მესამე კენჭისყრა. ჩვენ მივიღებთ მესამე მოსმენით კენჭისყრაში, თუ შეთანხმება შესრულდება მთლიანად. დარჩა პატარა ნაბიჯი გადასადგმელი - გაათავისუფლოს ივანიშვილმა გიორგი რურუა და ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური წონა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის შემთხვევაში. ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენს დამოკიდებულებაში და ვართ ჩვენი იდეების და პოზიციის ერთგული. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა. შეუძლებელია საარჩევნო პროცესში თუნდაც ამ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მონაწილეობა სამართლიანად, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტპატიმარი. ამიტომ, ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური სტაბილიზაციის მომტანი ფუნქცია, თუ იგი მიღებული იქნება საერთო კონსენსუსით და მას მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციური პარტია. მივდივართ უკვე ფინიშამდე, დარჩა ერთი ნაბიჯი და იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და შეაფასებს იმ როლს, იმ წონას, რასაც კონსტიტუციის კონსენსუსით მიღება ჰქვია“, - განაცხადა გოცირიძემ.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.