უგულავა – ელისაშვილზე: „საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება“
23/06/2020 14:48:25 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია ალეკო ელისაშვილთან სათანამშრომლოდ მზად იყო, თუმცა ის „ორ ადგილს ითხოვდა“. ამის შესახებ უგულავამ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ისაუბროს "ქართული ოცნების" მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას იწყებს, მედიის ინტერესი სწორედ ეს ხდება, რადგან ის ოპოზიციის წარმომადგენელია.
„მასთან ღია ვიყავით საბურთალოზე სათანამშრომლოთ. თავადაც მოწადინებული იყო და ამიტომ არ მესმის, დღეს პრინციპულ მიუღებლობაზე რომ საუბრობს, თუნდაც „ევროპული საქართველოს მიმართ, ორი ადგილით, როგორც ჩანს, მისაღები იქნებოდით. ეს მის სინდისზე იყოს. მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი, მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც, არ ვთვლი საჭიროდ ოპოზიციის ზედმეტ კინკლაობას ერთმანეთში. უბრალოდ, საწყენია, რომ ეს ადამიანი საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება“,– განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებული ოპოზიციური ერთობა დატოვა და ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე, სამივე მათგანმა საკუთარი კანდიდატურა თბილისის ოლქებში წარადგინოს.
ოპოზიცურმა ერთობამ კი თბილისში არსებული რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსში, საერთო კანდიდატი უკვე წარადგინა:
- ვაკე - ელენე ხოშტარია;
- გლდანი - ნიკა მელია;
- ისანი - გიორგი ვაშაძე;
- სამგორი - ლევან ხაბეიშვილი;
- მთაწმინდა - შალვა შავგულიძე;
- ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი.
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე ამ დრომდე გრძელდება.


