სააკაშვილი – მერაბიშვილზე: „ჩემთან, სახლში მოვიდა“
23/06/2020 21:06:56 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ სააკაშვილმა სატელევიზიო პროგრამაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან" ისაუბრა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საპატიმროში მერაბიშვილს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა რამდენჯერმე შესთავაზეს:
„მას შემდეგ, რაც [მერაბიშვილი] გაათავისუფლეს, იგი ჩამოვიდა ჩემთან, სახლში მოვიდა. ვუთხარი, „ვანო, დიდი მადლობა, რომ შენ არ უღალატე ჩვენს მეგობრობას და ჩემზე არაფერი დაწერე“. მან მიპასუხა, „მე ეს შენთვის არ გამიკეთებია. უბრალოდ ცხოვრებაში სარკეში ვეღარ ჩავიხედავდი და საკუთარი თავის პატივისცემა აღარ მექნებოდა. ეს ჩემთვის გავაკეთეო“.
სააკაშვილის თქმით, მერაბიშვილი ამჟამად იბრძვის და გამარჯვებისათვის ქართველ ხალხთან ერთად ემზადება.
„მე ამაში დარწმუნებული ვარ. არჩევნები, კლასიკური გაგებით, არ იქნება, მაგრამ ხალხი უბრალოდ მათ გაგლეჯს“, - დასძინა სააკაშვილმა.


