
მელაძის თქმით, სუს–ს მათ შორის აინტერესებდა, ვისი ინიციატივით გადაწყდა ბოკოვზე ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება
24/06/2020 08:38:52 სამართალი
„ტვ პირველის“ მთავარმა პროდიუსერმა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა დატოვა. გამოკითხის პროცესი 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც გამოკითხის შემდეგ მელაძემ განაცხადა, სუს–ის გამომძიებლებს მათ შორის აინტერესებდათ, ჟურნალისტური გამოძიების წარმოება მათ დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, თუ ვინმეს თხოვნით ან დაკვეთით.
„კითხვების პირველი ნაწილი შეეხებოდა, როდის გავიგე იმის შესახებ, რომ გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა; მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია თავად გიორგისგან; ხომ არ უთქვამს მას რომ უთვალთვალებდნენ ან ხომ არ გვისაუბრია ამ თემაზე. სუს–ს აინტერესებდა ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დაიწყეთ, ვინმემ ხომ არ დაგვავალა ან გვთხოვა; არის თუ არა პირველადი ფორმით შენახული დუკუმენტები, რომლებიც ჩვენ განვასაჯაროეთ და რა შინნაარსისაა, გვაქვს თუ არა კიდევ დოკუმენტები და კიდევ ვგეგმავთ თუ არა ჟურნალსიტური გამოძიებოს მომზადებას“,– განაცხადა მელაძემ.
მისივე თქმით, ყველა ხსენებულ კითხვას პასუხს სცემს კანონი, რომელიც ჟურნალისტს საშუალებას აძლევს, ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციაზე არ მისცეს ჩვენება.
გამოკითხვაზე შესვლამდე მელაძემ განაცხადა:
„შაბათს „ტვ პირველმა“ მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა: ეს ეხება გიორგი გაბუნიას საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ, - განაცხადა გამოკითხვაზე შესვლამდე მელაძემ.
ცნობისთვის: 12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს. სამიზნე სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.
15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.19 ივნისს, გამოკითხვის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული პირი არა უშუალოდ შეკვეთის შემსრუელბელი, არამედ ე.წ. მზვერავი იყო.
გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის გინებას. ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". აღნიშნული მუქარა მან რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა.