აშშ-მა საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღისგან დამცავი აღჭურვილობა გადასცა
24/06/2020 10:35:02 პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მასობრივი განადგურების იარაღისგან დამცავი აღჭურვილობა და მისი შენახვისთვის აუცილებელი ხელსაწყოები გადასცა,- იუწყება საქართველოში აშშ-ის საელჩო.
დიპლომატიური უწყების ცნობით, ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღების იდენტიფიცირებაში დაეხმარება. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს განცხადებით, ეს აღჭურვილობა მასობრივი განადგურების თვითნაკეთი იარაღების საწინააღმდეგოდ, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საპასუხო რეაგირების დროს გამოიყენება.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ტექნიკის ეფექტიანად გამოყენებას სპეციალური ცოდნა სჭირდება, რომელსაც თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ქართველ კოლეგებს შესაბამის ტრენინგზე გაუზიარებს.




