კახა კალაძე: „ოკუპანტების გადასაწყვეტი არა, როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება“
24/06/2020 11:43:06 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით რუსი დეპუტატის ალექსანდრ შერინის მოთხოვნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ოკუპანტების გადასაწყვეტი არ არის, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით“.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია და ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ოკუპანტების მითითება არ არის საჭირო,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.
მისივე თქმით, გაბუნიას „უღირსი საქციელი უნდა შეწყდეს და თუ ეს ქართული კანონებით ვერ ხერხდება, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს."
ცნობისთვის: 12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს. სამიზნე სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.
15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.19 ივნისს, გამოკითხვის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული პირი არა უშუალოდ შეკვეთის შემსრუელბელი, არამედ ე.წ. მზვერავი იყო.
გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის გინებას. ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". აღნიშნული მუქარა მან რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა.


