
მედია – საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთან საზღვრის გახსნის რეკომენდაციას ევროკომისია გასცემს
24/06/2020 13:06:03 საგარეო პოლიტიკა
საქართველო ჯერ-ჯერობით ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრის გახსნის რეკომენდაციით ევროკომისია გამოდის, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
მისივე ცნობით, თავდაპირველ სიაში 47 ქვეყანა იყო და მასში საქართველოც შედიოდა. მოგვიანებით საქართველო სიიდან ამოიღეს.
"კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რამდენად შესწევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უნარი, გაუმკლავდეს კორონავირუსის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს ამ პრობლემას", – წერს გამოცემა. "რადიო თავისუფლება" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საკითხის განხილვა პარასკევს გაგრძელდება და სიაში სავარაუდოდ, საქართველო კვლავ შეყვანილი იქნება.
"მონაცემები, რომლებიც ამ ქვეყნებზე გვაქვს, საკმარისად მტკიცეა საიმისოდ, რომ ჩავთვალოთ - მათ ადგილზე პანდემიასთან გასამკლავებლად საკმარისი შესაძლებლობები აქვთ (ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების გამოვლენა, შეკავება, მკურნალობა და აღრიცხვა)", - წერს ევროკავშირის კომისია სარეკომენდაციო წერილში. მისივე ცნობით, იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება, "რათა მუდმივად შევაფასოთ, ინარჩუნებენ თუ არა ჩამოთვლილი მესამე ქვეყნები ზემოთ მოტანილ კრიტერიუმებს".
როგორც "Reuters" იუწყება, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმების გათვალისწინებით ამ მომენტისთვის ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება შეიძლება, არ მიეცეთ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვ.