წოწკოლაურის თქმით, სოციალურ აგენტებს სამგზავრო თანხა გაუორმაგდებათ
24/06/2020 13:23:01 პოლიტიკა
სოციალური აგენტების მოთხოვნას, გადაადგილების ხარჯის ანაზღაურების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური პასუხობს და აცხადებს, რომ უახლოეს ხანში სოციალური აგენტებს სამგზავრო თანხა გაუორმაგდებათ და "ხელზე დამატებით 80 ლარს აიღებენ".
„ის ფიქსირებული ხელფასი, რომელზედაც საუბრობენ, 80 ლარზე, ეს, რა თქმა უნდა, ხელზე მისაღებ თანხაზე არის საუბარი, ზოგადად, ჩვენი ხარჯი, გამოწერილი 100 ლარი არის, ამაზე არ ვაპელირებ, ისე ვიძახი. იყო შეთანხმება, რომ ეს ყოფილიყო მათთვის სამგზავრო თანხა და ამაზე მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება. პროცედურული ნაწილის დასრულებას უახლოეს მომავალში ველოდებით. ეს არ არის 2-3-თვიანი პერიოდი“, - თქვა გიორგი წოწკოლაურმა.
ასევე, მან ისაუბრა სოციალური აგენტების ანაზღაურების შესახებაც:
„რაც შეეხება გადამოწმებების მასშტაბებს, მათ კიდევ დამატებით აქვთ ის 6-ლარიანი ანაზღაურება. ეს არის პროგრამის განხორციელების ნაწილი. თუ პროგრამას ექნება უფრო მეტი ვალიდურობა, რომ უფრო მეტი ადამიანი გადამოწმდეს, ექნებათ, შესაბამისად, მომატებული თანხები. ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარის ფარგლებშია. როგორც კი რეორგანიზაციის ეს ფაზა დასრულდება, მათთვის კონტრაქტები გახდება ჯერ 6-თვიანი, შემდეგ - ერთწლიანი“.


