გოცირიძე: „ხანდახან სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება“
25/06/2020 10:45:30 პოლიტიკა
ხანდახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის ანგარიშს.
მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო კამპანიის „მთავარი მოტორი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია: უწყებას საკუთარი ფინანსური, ადმინისტრაციული, საკადრო რესურსების 90% პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და თვალთვალისკენ აქვს მიმართული.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ ფიქრობს დეპუტატი, ცდება თუ არა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეფასებაში, გოცირიძე ამბობს, რომ შეუცდომელი არავინაა:
" ხანდახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება. წვიმას ისეთ დროს მოგვივლენს, რომელიც აბსოლუტურად არ იყო საჭირო. შესაძლებელია, ცდება. ეგზიუპერი ამბობდა, რომ სრულყოფილი არაფერია ქვეყნად. შეუცდომელი არავინ არის ქვეყნად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თუ შეცდა სუსი-ს შეფასებაში, რა პრობლემაა ამაში? ჩვენ ხომ უკეთესად ვიცით, სუსი არის "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ძალოვანი ნაწილი".


