საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა
25/06/2020 12:33:00 პოლიტიკა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა. მას ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
„დღეიდან უფლებამოსილი ვარ, შევუდგე მუშაობას და ვეცდები, მედიასთან ვიყო გახსნილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება, ექვსი წელი ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თუ ამას დავუმატებთ ჩემს აკადემიურ საქმიანობასა და გამოცდილებასაც, ვფიქრობ, შევძლებ წარმოვაჩინო საქართველის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისი ასპარეზზე“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელებული იყო ასევე ირინა იმერლიშვილი, თუმცა, მან საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება ვერ შეძლო.
პროცესს წინ უძღოდა პროტესტი სასამართლოს შენობასთან. აქციის მონაწილეების თქმით, ტურავას გამარჯვებით სასამართლოში არსებული "კლანის" პოზიცეიბი გაძლიერდება.
„ასე რომ არ მომხდარიყო, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა. საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს. მართლმსაჯულება პაქტობრივად არის გაუქმებული. ყველა დონის სასამართლო დაწესებულება: უზენაესი, საკონსტიტუციო, ასევე იუსტიციის საბჭო, როგორც მართლმსაჯულების ნაწილი, სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები დაკომპლექტებული კლანებით, ემსახურებიან ერთ მიზანს - ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება. ამიტომ რაც მოხდა ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, იგივე რაც მოხდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს. ეს სისტემა ასაშენებელია თავიდან“, - განაცხადა ენმ–ის წევრმა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს „კორუფციისა და მექრთამეობის სახე“ უწოდა.
„ტურავა არის ის მოსამართლე, რომელიც კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა, „60 წუთის“ ჟურნალისტების, რომლებიც იძიებდნენ იმ სისტემურ პრობლემას, რასაც მექრთამეობა ერქვა მართლმსაჯულების სისტემაში. ამის დამცველი და აპოლოგეტი იყო, კორუფციის და მექრთამეობის სახე იყო მერაბ ტურავა და მისი დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ სწორედ ამას განასახიერებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის: ტურავა 2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია. 30 მარტიდან, ფიცის დადების დღიდან კი ამ თანამდებობაზე მუშაობს.
ამავდროულად, 2013 წლიდან ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორად მუშაობს.
ტურავა წლების წინაც მუშაობდა მოსამართლედ. მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 1999 - 2006 წლებში ეკავა. გარდა ამისა, 2000-2005 წლებში ამავე პალატის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეც მუშაობდა.


