Accentnews.ge
“აფხაზეთის ბანკის” ხელმძღვანელი: “ეკონომიკაში ფულის სერიოზული დეფიციტის მომსწრენი ვართ”

“აფხაზეთის ბანკის” ხელმძღვანელი: “ეკონომიკაში ფულის სერიოზული დეფიციტის მომსწრენი ვართ”

25/06/2020 18:36:09 კონფლიქტები

“აფხაზეთის ბანკმა” კლიენტების დაკრედიტება შეწყვიტა. ამის შესახებ “აფხაზეთის ეროვნული ბანკის” მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა ბესლან ბარათელიამ კორონავირუსული კრიზისის პირობებში შექმნილ სირთულეებზე და მათი დაძლევის გზებზე საუბრისას განაცხადა.

«დღეს მოწმენი ვართ ძალზე უჩვეულო მოვლენის, რომლებმაც არა მარტო აფხაზეთი, არამედ მთელი მსოფლიო მოიცვა. ამ პირობებში ისეთი ეკონომიკა, რომელიც აფხაზეთს გააჩნია, განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან იგი მცირეა თავისი მოცულობით და ამასთანავე, ძლიერ არის დამოკიდებული საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაზე. ამასწინათ აფხაზეთში და აფხაზეთიდან ფულის შემოდინება-გადინებას ვაჯამებდით: 5 თვის მონაცემებით, ყველა იმ ლეგალური არხით, რომლის გაკონტროლებაც შეგვეძლო (საბანკო სისტემაში ფულადი გადარიცხვების სისტემებით შემოსული თანხები, ფულის მოხსნა ბარათებიდან, ჩარიცხვები კორანგარიშებზე), აფხაზეთში 9 მლრდ რუბლზე მეტი შემოვიდა და 11 მლრდ რუბლზე მეტი გავიდა. ამგვარად, ფულადი ნაკადის სალდო უარყოფითად გადაიქცა, ფულადი მასის მოცულობა კი 2 მილიარდით შემცირდა. ეს, უდავოდ, კოლოსალური თანხაა აფხაზეთის მცირე ეკონომიკისთვის და ცხადია, აისახა მასზე, კერძოდ, შეამცირა სამეწარმეო აქტივობა, შემოსავლები ვაჭრობიდან, ბევრმა მეწარმემ კი სამეწარმეო საქმიანობა საერთოდ შეაჩერა» - აღნიშნა ბარათელიამ.

შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას მან კონკრეტული ვერაფერი თქვა და მხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სწრაფი მოხსნის იმედი გამოთქვა:

«შეზღუდვებმა შეაფერხა სამეურნეო საქმიანობა და, შესაბამისად, შეამცირა საბიუჯეტო შემოსავლები. შემცირება დაიწყეს ნაშთებმა საბანკო ანგარიშებზეც. ეკონომიკაში ფულის სერიოზული დეფიციტის მომსწრენი ვართ... დიდი იმედი გვაქვს, კორონავირუსის კუთხით ვითარების გამოსწორების პარალელურად, შეზღუდვები მალე მოიხსნება და აფხაზეთის ეკონომიკაშიც ვითარება სწრაფად გამოსწორდება. პროგნოზების კეთება ამ ეტაპზე ძალზე რთულია, მაგრამ თუ ვითარება დასტაბილურდება, ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარში შესაძლებელი უნდა გახდეს ამ საქმიანობის აქტივიზაცია».

ჯერ-ჯერობით კი “აფხაზეთის ბანკმა” საკრედიტო პროგრამების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

«ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ კრედიტები გავცეთ და ბანკომატები დავაცარიელოთ ახლა მთავარი კლიენტების მომსახურება და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაა. კლიენტების დაკრედიტების განახლებაზე საუბარი მას შემდეგ შეგვეძლება, რაც შეზღუდვების რეჟიმი მოიხსნება და ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება» - დასძინა ბარათელიამ.

ამ ვითარებაში ოკუპირებული რეგიონი მოსკოვიდან დე ფაქტო პრეზიდენტის დაბრუნების მოლოდინშია განაბული: საკითხები, რომლებზეც მას კრემლის მესვეურებთან უნდა ესაუბრა, წინასწარ არ გახმაურებულა, თუმცა აფხაზეთში თვლიან, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრებით შევსების მთავარი წყაროს – ტურისტული ნაკადის შემოდინებისთვის რუსეთთან დე ფაქტო საზღვრისა და მუდმივი ფინანსური დახმარების 6 თვის წინ გადაკეტილი ონკანის გახსნის თემებს ბჟანია მოსკოვში გვერდს უბრალოდ ვერ აუვლიდა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S