
ალიევი: „აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება, დატვირთვას ვერ გაუძლოს”
26/06/2020 08:47:36 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, “თუკი კორონავირუსის ინფექციის გავრცელება ამჟამინდელი ტემპებით გაგრძელდება, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება, ვერ გაუძლოს”. ამის შესახებ მედიის ცნობით, პრეზიდენტმა განჯის ინფექციური საავადმყოფოს გახსნისას ისაუბრა.
ალიევის თქმით, მაისში საკარანტინო ზომების შერბილებამ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო:
“ეს მოწმობს იმას, რომ მოთხოვნების მიუხედავად, ზოგიერთმა ადამიანმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინა. ისინი არ იცავენ ელემენტარულ ზომებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ შემოვიღეთ შემზღუდავი ზომები, რადგან დაავადების დინამიკა იზრდება და თუ ასევე გაგრძელდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ამიტომაც მიმდინარე კვირიდან ბაქოსა და სხვა რამდენიმე ქალაქში უფრო მკაცრი კარანტინია შემოღებული”.
ბოლო 14 დღეში აზერბაიჯანში Covid-19-ის შემთხვევები 50%-ით გაიზარდა.
25 ივნისის ოფიციალური სტატისტიკით, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 14 852 შემთხვევაა დადასტურებული, 180 ადამიანი კი გარდაცვლილი. ოფიციალური ცნობითვე, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში ამჟამად 6 613 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის: აზერბაიჯანი ჯანმო–ს მიერ დასახელებულ იმ 11 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ვირუსის შემთხვევები იმატებს.