„საქართველოს შეუძლია, რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურაში თავისი ფუნქცია შეიძინოს“
26/06/2020 09:21:04 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამ კონტექსტში მან უსაფრთხოების საბჭოს აპარატი დაასახელა, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და მას კახაბერ ქემოკლიძე ხელმძღვანელობს.
გახარიამ ისაუბრა მიმართულებებზე, რაზეც მისი თქმით, საბჭო მუშაობს და ასევე გაამახვილა ყურადღება გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს საბჭო იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელსაც ექნება ძალზედ მძლავრი ანალიტიკური აპარატი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და როგორც ძალზედ ხანმოკლე მუშაობის გარკვეული შედეგი, შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის მიმართულებები, რომელზეც ეს აპარატი მუშაობს: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არ იყო აქტუალიზებული და დღეს საბჭო ამაზე მუშაობს; საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია; გაჩნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და მათთან თანამშრომლობის თვალსაზრისით უკიდურესად მნიშვნელოვანი ახალი განზომილება – კიბერუსაფრთხოება, რომელი მიმართულებითაც ჩართულია არა მხოლოდ უსაფრთხოების საბჭო, არამედ ქვეყნის სპეციალური სამსახურები – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო თავისი მიმართულებით. კიბერუსაფრთხოება ხდება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება, ისევე, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში საჭირო და აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული, აბსოლუტურად ეფექტური სია, სტანდარტები და კრიტერიუმები არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ; და რა თქმა უნდა – ჰიბრიდული საფრთხეები. ეს არის ის მიმართულებები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის, სადაც საქართველოს შეუძლია, შეიძინოს თავისი ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურაში იყოს ეფექტური პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


