
ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს
26/06/2020 09:58:12 პოლიტიკა
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკური ნიშნით მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში ადანაშაულებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას მიმართავს.
როგორც შენგელია ამბობს, 19 ივნისს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე იუსტიციის სამონისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა:
“იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლითაც მე ვახორციელებ საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ პოლიტიკური დევნის და ტერორის კამპანიის გაგრძელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დედაჩემის, ია კერზაიას მიმართ, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ამჯერად კი, უკვე თეა წულუკიანის სახით გადაწყვიტა ხელისუფლებამ პირდად ჩემზე განახორციელოს ანგარიშსწორება, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ გამოიყენა ძალადობრივი მეთოდი და შემიჩერეს საქმიანობის უფლება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე” – ამბობს შენგელია.
შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას, თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.
ბაჩანა შენგელიას თქმით, კანომდებლობის მიხედვით, ნოტარიუსს საკუთრი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით, ავადმყოფობის გამო დატოვა. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.
შესაბამისად, შენგელია აცხადებს, რომ ის იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურსა და სახალხო დამცველს მიმართავს:
“მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გაქტზე. ასევე, მივმართავ სახალხო დამცველს და საქართველოში მოქმედ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება” – ამბობს შენგელია.
იხილეთ ასევე: ია კერზაიას ვაჟმა საქართველოს სტრასბურგში უჩივლა