რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

26-06-2020 14:05:46 სამართალი

შს სამინისტროს ცნობით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

კერძოდ, გამოძიების ცნობით, 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.

"ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით“,– განაცხადა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

კითხვაზე, დაკავებულთაგან არის თუ პირი ან პირები, რომელთაც უშუალოდ კავშირი აქვთ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან, მინისტრის მოადგილემ დადებითი პასუხი გასცა.

ცნობისთვის: 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იმ მონაკლეთიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც. 26 ივნისს საქმის ირგვლივ 17 პირი დააკავეს.

გიორგი შაქარაშვილი გუშინ, 25 ივნისს დაკრძალეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები