
მოსკოვმა თბილისისგან ბოკოვის დაკავების შესახებ უწყისი მიიღო
26/06/2020 10:31:41 პოლიტიკა, სამართალი
რუსეთმა ქართული მხარისგან უწყისი მიიღო იმის შესახებ, რომ ყალბი საბუთის გამოყენების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია დაკავებული. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" საგარეო უწყებაში განუცხადეს.
«ჩვენი მიმართვის საპასუხოდ მივიღეთ ქართული მხარის უწყისი, რომლის თანახმად, ყალბი საბუთის გამოყენების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში ქვეყანაში ბრალდებულის სტატუსით დაკავებულია რუსეთის 1982 წელს დაბადებული მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი. ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, განვაგრძობთ ძალისხმევას დაკავებულის ვინაობისა და მის მიერ რუსეთის მოქალაქეობის ფლობის დასადგენად», – განაცხადეს სერგეი ლავროვის უწყებაში.
ამასთან, სამინისტროში აღნიშნეს, რომ «მედიაში ამ დაკავების შესახებ ინფორმაციის გაჩენის დროიდან ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის ყურადღების არეალშია».
ცნობისთვის: 12 ივნისს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს. სამიზნე სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.
15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.19 ივნისს, გამოკითხვის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული პირი არა უშუალოდ შეკვეთის შემსრუელბელი, არამედ ე.წ. მზვერავი იყო.
გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის გინებას. ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". აღნიშნული მუქარა მან რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა.