„როგორც ჩანს, ოპოზიციაშიც ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს“
26/06/2020 12:15:01 პოლიტიკა
ოპოზიციური გაერთიანების წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ოპოზიციაში ბევრი მიმართულებითაა პრობლემა.
„როგორც ჩანს, ოპოზიციაშიც ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, ძალიან ბევრი მიმართულებით – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ვინ არის ოპოზიცია და ვინ – ფსევდო–ოპოზიცია“,– განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ „ყველა ფსევდო–პოზიციაა, ვინც ებრძვის ოპოზიციურ გაერთიანებას: მარტო მე ვარ, მარტო მე ვიზამ...“
დამაზუსტებელ კითხვაზე, მოიაზრება თუ არა ფსევდო–ოპოზიციაში ალეკო ელისაშვილი, ვაშაძემ უპასუხა, „მათ შორის: ებრძვის ეს ადამიანი ოპოზიციას. პირდაპირ თავდასხმაზე გადადის. საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს [„ოცნების“ თამაშს თამაშობს თუ არა ელისაშვილი]. მიკვირს, ერთ ღამეში რა შეიცვალა? წინა დღეს სხვა რამეს ლაპარაკობდა, მეორე დღეს...არ ვიცი, რა მოხდა. ჰკითხეთ, რა მოხდა ერთ ღამეში“.
ცნობისთვის: ელისაშვილი ოპოზიციურ ერთობას გამოეთიშა, განაცხადა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ფიგურებიდან ბევრი უქმნიდა დისკომფორტს და იქ მხოლოდ საარჩევნო ცვლილებებისთვის დადიოდა. შემდეგ ელისშვილმა ახალი პლატფორმა დააარსა, ოპოზიციურმა გაერთიანებამ კი თბილისში, 6 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები დაასახელა.


