Accentnews.ge
გახარია – გავრილოვის ვიზიტზე: "ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც“

გახარია – გავრილოვის ვიზიტზე: "ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც“

26/06/2020 13:26:44 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტი და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენა იყო „უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც“.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა [2019 წლის 20 ივნისის მოვლენები]. თუმცა საწყენია და არაა სწორი, როდესაც სპეკულირება ხდება. რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომლებიც მერწმუნეთ, ამას შეაფასებენ, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. ამას შეიძლება, რაღაც დრო სჭირდება, უბრალოდ თქვენ [ოპოზიცია] არ ნებდებით, რაღაც თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება.

რაც შეეხება იმას, რაზეც ხშირად მიუთითებთ[რომ კანონის დარღვევიღ შემოუშვა ხელისუფლებამ გავრილოვი საქართველოში], რა თქმა უნდა, გავრილოვი ამ შენობაში [პარლამენტში] ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდევ რამეა გადასახდელი, ჩვენი მოქალაქე მოსთხოვს, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები ორგანიზებას თუ არ უწევდნენ, გვერდით იყვნენ და უყურებდნენ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების პროტესტი, შემდეგ გახდა ძალადობრივი, არ მიუთითებდნენ, რომ ეს არის დანაშაული ... პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამიტომ, ამას შესაბამისი ფასი ექნება“,– განაცხადა გახარიამ თემის კომენტირებისას. თემის ირგვლივ კითხვები მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუსვეს.

გახარიამ „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა 20 ივნისის მოვლენებისას მოქალაქეების დაშავებას და განაცხადა, რომ მათ სახელს ოპოზიცია ამორალურად იყენებს

„მე მაკო გომურის [20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა] სახელს არ ვიყენებ და ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენს შორის და ეს კარგად დაიმახსოვრეთ“,– დასძინა გახარიამ.

ცნობისთვის: მანამდე გახარიამ კითხვის პასუხად, ვინ გასცა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ბრძანება, განაცხადა, რომ დრო გადის და დეტალები არ ახსოვს.

გახარიას 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე გამართულ აქციაზე უპასუხა დაზარალებულმა მაკო გომურმა:

„კითხვაზე, რატომ? პასუხი ერთი წლის მანძილზე ვერ მივიღე... იმის თქმასაც ბედავენ, რომ არ ახსოვთ, რა მოხდა და ჩვენი თვალები მეორეხარისხოვანია.

ჩვენი თვალების ამოთხრით რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს? ბევრი კითხვაა, კითხვები მატულობს, მაგრამ იმედი მაქვს, თქვენთან ერთად, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S