Accentnews.ge
გახარიამ უპაუხა კითხვას, რად უღირს 2019 წლის 20 ივნისი

გახარიამ უპაუხა კითხვას, რად უღირს 2019 წლის 20 ივნისი

26/06/2020 14:41:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება "პარლამენტში შეჭრით" არ უნდა შეიცვალოს.

"20 ივნისი რად მიღირდა, იცით? 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს. აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომ თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როცა ამ ქვეყანაში ძალადობრივად პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა", - ასე უპასუხა გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას კითხვას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს გიორგი გახარია შს მინისტრი იყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S