
კობახიძე – აშშ–ის თავდაცვის აქტში დაგეგმილ ცვლილებებზე: "ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია. ეს ვერაფერს დააკლებს ქვეყანასა და "ოცნებას"
26/06/2020 19:58:28 საგარეო პოლიტიკა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ თავდაცვის აქტში დაგეგმილი ცვლილებები "გიგა ბოკერიასა და კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია".
მისივე თქმით, "როდესაც თუნდაც სამუშაო ვარიანტში ხვდება ასეთი წინადადება, ეს ვერაფერს ვერ დააკლებს ქვეყანას, სახელმწიფოს და "ქართულ ოცნებას”.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ამხელა გავლენა არ აქვს":
"ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს. ჯერ თქვა, რომ გოიმებში ნომერ პირველიაო, ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს. პირველი კომპლიმენტი მივიღე, მეორეს, სამწუხაროდ, ვერ დავიბრალებ, არ მაქვს ამხელა გავლენა".
ცნობისთვის: აშშ–ის თავდაცვის აქტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შეერთებული შტატები საქართველოს დახმარების სანაცვლოდ პირობებს წაუყენებს. შესაბამისი ცვლილება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა წარადგინა.
"სენატი მიესალმება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მიერ მმართველობის, ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. იგი კვლავ ადასტურებს სურვილს, გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ხსნებული ძალისხმევის გასაძლიერებლად, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კეთილი ნების გამოხატვას ამ რეფორმების გატარების თვალსაზრისით", – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების სამუშაო ვარიანტში 8 მარტის შეთანხმებაზე, საპარლამენტო არჩვენბესა და ტელეკომპანია “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას პატიმრობაზეც არის საუბარი:
"სენატი მოუწოდებს მთავრობას და პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ერთად იმუშაონ თავისუფალი პრესის, კერძო ბიზნესის ასაშენებლად და კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მმართველობის შესაქმნელად. სენატი ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმაზე ეუთო–ს რეკომენდაციების იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური პარტიები 8 მარტს შეთანხმდნენ. [...] 2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს. 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა".
სენატორ რიშის შესწორებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ 1992 წლიდან დღემდე ამერიკისგან დახმარების სახით 4.2 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, მათ შორის, 732 მილიონი დოლარის ოდენობია სამხედრო დახმარება.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ინიცირებული ცვლილებები რომ კანონად იქცეს, სენატმა უნდა გაიზიაროს და დაამტკიცოს. თუ სენატი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს ამით ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. შესწორებები იურიდიულად დამავალდებულებელი არაა.