რურუა: "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"
29/06/2020 10:31:33 პოლიტიკა
"მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა საზოგადოებას საარჩევნო სისტემის ცვლილებას ულოცავს. პატიმრობაში მყოფი რურუას პოსტი მის Facebook–ში, პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
"გილოცავთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს რურუა.
2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დღეს, 29 ივნისს, მიიღო.
კენჭისყრის პარალელურად მიმდინარეობდა რურუას სასამართლო პროცესიც. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და "მთავარი არხის" მეწილე და თანადამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ამის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ: „ევროპული საქართველო“ მეორე და მესამე მოსმენაზე ცვლილების მხარდაჭერის წინაპირობად რურუას გათავისუფლებას ასახელებდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არც პირველ მოსმენაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.


