ბურჯანაძე – გერმანიის ელჩის განცხადებაზე: „შეიძლება, გამორჩა“
29/06/2020 12:35:26 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, გერმანიის ელჩმა სავარაუდოდ, იგულისხმა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გვარები არ წერია.
„არც ერთი გვარი არ წერია ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ მოლაპარაკებების დროს ნამდვილად ისმოდა ის გვარები, შეიძლება, მას უბრალოდ გამორჩა“,– აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კონკრეტული გვარები ზეპირი შეთანხმების ნაწილი იყო.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშო, ბატონი გერმანიის ელჩიც მაქსიმალურად ცდილობდა ამ პროცესისთვის ხელი შეეწყო. შეიძლება, მას გამორჩა ეს კონკრეტული გვარი. გვარები არ წერია დოკუმენტში, რადგან ეს იყო მხოლოდ ზეპირი მოლაპარაკებების შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ დიპლომატების მხარდაჭერამ დღევანდელი შედეგის მიღებაში ჩვენ ძალიან შეგვიწყო ხელი“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის მიმართ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. ელჩმა თქვა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია.
"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება", - ამბობდა ელჩი.
გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. სწორედ ამიტომ არ მიიღეს მათ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესში მონაწილეობა. პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.


