კარანტინსა და სტაციონარში მოთავსებული პირების უმრავლესობას მაჟოროტარული ბიულეტინი არ ექნება
29/06/2020 13:39:37 პოლიტიკა
კარანტინსა და სტაციონარში მოთავსებული პირების უმრავლესობას მაჟოროტარული ბიულეტინი არ ექნება და ისინი პროპორციული წესით შეძლებენ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც არჩევნების უსაფრთხოების წესების დაცვის ჩატარების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, იქნება გარკვეული დაზუსტებებიც.
"შემოთავაზებული ვერსიით, რაზეც ცხადია, იქნება გარკვეული დაზუსტებები, მათ ექნებათ ამის საშუალება. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში, კარანტინსა და სტაციონარში მყოფი პირები არჩევნებში პროპორციული წესით მიიღებენ მონაწილეობას და მაჟოროტარული ბიულეტინი მათ უმრავლესობას არ ექნება. მეორე საკითხია თავად უბნებზე უსაფრთხოების ნაწილი. ეს ეხება თერმოსკრინინგს. ამომრჩეველთა თერმოსკრინინგი ვფიქრობთ, არ არის ის პროცესი, რომელიც აუცილებელია. კომისიის წევრებს თუ დამკვირვებლებს იმაზე მეტ ხანს შეუძლიათ იყვნენ უბანზე, ვიდრე ამომრჩეველი მიდის, რომელიც საშუალოდ 10-15 წუთს ჩერდება უბანზე, ამიტომ კომისიის წევრების და დამკვირვებელთა თერმოსკრინინგი ცხადია, შეიძლება იყოს განხილული. ერთი საკითხი, რაზეც დავსვამ კითხვას ეხება შემოთავაზებულ ვერსიაში ჩანაწერს, რომ ცესკო ჯანდაცვის სამინისტროსგან იღებს ინფორმაციას სტაციონარსა და კარანტინში მყოფ პირებზე და ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენი კითხვაა, რომ თუ ცესკო მიიღევს გადაწყვეტილებას რომ არ უნდა ჩატარდეს კონკრეტულ ადგილზე არჩევნები, შესაძლებელი იქნება თუ არა ამის გასაჩივრება," - აღნიშნა სალაძემ.


