
გერმანიის ელჩი მის მიმართ გაკეთებული კომენტარებით გაკვირვებულია
29/06/2020 14:36:12 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერ ქნირში აცხადებს, რომ გაკვირვებულია კომენტარებით, რასაც ადამიანები მის მიმართ აკეთებენ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში.
„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში. როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ, ისინი, ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემ შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს,“ – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
ცნობისთვის: ელჩი დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა და პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების საკითხზეც შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის მიმართ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. ელჩმა თქვა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია.
"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება", - ამბობდა ელჩი.
გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. სწორედ ამიტომ არ მიიღეს მათ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესში მონაწილეობა. პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.