შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ექსპერტი ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებზე საუბრობს

29-06-2020 21:46:57 სამართალი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებზე ისაუბრა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მას [შაქარაშვილს] არანაირი მოტეხილობები არ აღენიშნებოდა, არანაირ ბლაგვ ტრავმას ადგილი არ ჰქონია. გარეგანი დათვალიერებით სახეზე იყო დაზიანებები: სახის არეში, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სისხლნაჟღენთების სახით. იყო გარკვეული ტრამვული ცვლილებები ბლაგვი ხასიათის გვამის შინაგანი გამოკვლევისას ნანახი. ამაზე უფრო შორს მსჯელობისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ეს დაზიანება შესაძლოა, მიღებულ იქნას ნებისმიერ სიტუაციაში ბლაგვი ფაქტორის გარკვეული სიძლიერით ზემოქმედების პირობებში. გვამს სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა თვალ–ბუდეებში, ცხვირზე, სახის არეში და ა.შ. პრობლემა, რამაც მაღალი ალბათობით, ლაბორატორიული კვლევის პროცესი გააჭიანურა, ეს გახლავთ ის, რომ სხეული ოთხი დღის განმავლობაში წყალში იმყოფებოდა, დაწყებით ლპობით პროცესებს ჰქონდა ადგილი – ეს ართულებს და ახანგრძლივებს ლაბორატორიულ კვლევას დროის თვალსაზრისით. კვლევა მიმართულია იქითკენ, რომ დადგინდეს დაზიანებების სიცოცხლისდროინდელობა, სიკვდილის მიზეზი“,– განაცხადა გეჯაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი განმარტებით, ასფიქსიის, ანუ სითხეში დახრჩობის დიაგნოსტირება მხოლოდ ფილტვებში პლაქტონის აღმოჩენით არ ხდება:

„პლაქტონი საბოლოო დიაგნოსტიკური წერტილია. მანამდე გარკვეული მინიშნება, გარკვეული ცვლილებები შინაგანი ორგანოების გამოკვლევის პროცესში მიღებულია და ანალიზის სტადიაზეა, თუმცა მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცალსახა დასკვნების გამოტანა, რომ სიკვდილი დადგა ასფიქსიით, ბუნებრივია, სწორი არ იქნება. ამიტომ ლაბორატორიას ველოდებით“.

მისივე თქმით, ლაბორატორიულ დასკვნებს ოჯახი ასევე იმიტომ ელოდება, რომ დადგინდეს ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებების ხანდაზმულობა.

როგორც ექსპერტი ამბობს, ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა, მიღებული ჰქონდა თუ არა ალკოჰოლი გარდაცვლილს. კვლევის მიზნით სისხლი აღებულია:

„ალკოჰოლური ზემოქმედების ხარისხს გააჩნია. თუ ალკოჰოლი ჭარბობს, ეს ადამიანს ხელს უშლის კოორდინაციაში, მიზანდასახული ქმედებების ადექვატურ შესრულებაში და ა.შ.“.

ექსპერტი გამორიცხავს, რომ ექსპერტიზამ ვერ გასცეს პასუხი გარდაცვალების მიზეზებს და ვერ დაადგინოს ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებების ხანდაზმულობა:

„პასუხი იქნება კატეგორიულ და არა სავარაუდო ფორმატში“

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

17-ვე ბრალდებულს გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები