
ადვოკატი – შაქარაშვილზე: „ექსპერტის განცხადებამ გამიჩინა ეჭვი, რომ ეს მკვლელობაა“
30/06/2020 07:42:49 სამართალი
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე გური ამირხანაშვილის ადვოკატი მზია ქასრაშვილი ვარაუდობს, რომ შაქარაშვილი მოკლეს. ამ ეჭვს მას დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება უჩენს.
„გუშინ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილს ბლაგვი საგნით დარტყმა აქვს მიყენებული, რომელიც მუშტს არ ჰგავს, უფრო ძლიერია. ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ მას თითქოს ფეხი დაუცდა. ექსპერტიზა რას დაადგენს, მასზეა დამოკიდებული“,– განაცხადა ადვოკატმა.
იხილეთ ასევე: შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ექსპერტი ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებზე საუბრობს
რაც შეეხება შაქარაშვილისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობას, ადვოკატი ბოლო ეპიზოდზე საუბრობს:
„როდესაც ისინი მეორე ავტომობილის მოსვლის შემდეგ გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, მეორე მირბის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მესამე, უკან მოსდევთ ამირხანაშილი. გიორგი ძალიან სწრაფი ნაბიჯით და პირდაპირ მიდის. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, „სადაც კი ვნახე, რომ ბეტონის ფილა აღარ იყო, მაშინვე გზა ჩავჭერი, ციცაბო იყო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, უკან არაერთი ადამიანი მოგვდევდა, მძიმე სუნთქვითა და გინებითო“. ისინი გამარჯობის სათქმელად არ მოდიოდნენ, ამიტომ, თავიანთი თავის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. მან ჩაჭრა ციცაბო, გადავიდა მეორე გზაზე, სადაც ხიდია. იქ დღე ვერ ჩავიდოდა, ორი ნაბიჯი რომ გადაედგა, უკვე არაგვში იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მან ეს არ იცოდა და იქვე ბუჩქებში ჩაჯდა. „არ ვიცი, რას ჩავეჭიდეო, პლასტმასის ბოთლები იყო და ამან უფრო გამიიოლა ჩასვლა, ჩავსრიალდიო, თან წინა დღეებში წვიმა იყო და ნიადაგი სველი იყოო. ბუჩქებს მოვკიდე ხელი, რომ მთლად არ გადავარდნილიყავიო“. შორტი ეცვა და მთლიანად დაჩხაპნილია. იქ დაახლოებით, 30-35 წუთი ვიყავი და მესმოდა ხმები-„სად წახვედით, გამოდით“ და გინებაო. როდესაც გიორგი წინ მირბოდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხედველობის არეალში გიორგი უკვე დაიკარგა და არ იცოდა, სად იყო“, - აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოგვიანებით დასახმარებლად მეგობრებს დაურეკა და მათ ტაქსი გამოგზავნეს.
„მას რომ სცოდნოდა, გიორგი იქვე იყო დამალული, აუცილებლად მოძებნიდა. ნერვიულობს, „ის ვერ გადავარჩინეო. არ ვიცოდი, თორემ არ წამოვიდოდი, მთელ ღამეს იქ გავათენებდი და მოვძებნიდიო“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
17-ვე ბრალდებულს გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.