Accentnews.ge
ბესელიას შეფასებით, გერმანიის ელჩთან მიმართებაში გაკეთებული კომენტარები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება

ბესელიას შეფასებით, გერმანიის ელჩთან მიმართებაში გაკეთებული კომენტარები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება

30/06/2020 08:53:50 პოლიტიკა

დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებით, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები იმის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ კომენტარებს აკეთებს, თუმცა ესეც „ალბათ, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატთან მიმართებაში პარტიებს კოლექტიური განცხადება არ გაუკეთებიათ და არ შეიძლება საუბარი, თითქოს ელჩს „ყველა თავს ესხმის“.

„ეს არ ყოფილა კოლექტიური განცხადება და შეფასება, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკოსის შეფასება და არ შეიძლება გაიგივება, რომ ახლა ყველა თავს ესხმის გერმანიის ელჩს. ასე ნამდვილად არ არის. ვინც აკეთებს განცხადებას, მისი პასუხისმგებლობაა და ალბათ, ესეც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ყოველ შემთხვევაში, მე არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. რაც ვიცი, ორი განცხადება იყო. ვინც ამ ფორმას ირჩევს, ალბათ, გარკვეულ პასუხისმგებლობასაც იღებს.

ყოველ შემთხვევაში, არ მინდა, სხვების მსაჯული ვიყო. ასევე არ მომეწონა ის, რომ როცა 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას აკეთებს და აპროტესტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტში არჩევას და ამას მოჰყვება ისეთი შეფასება, რაც მოჰყვა ელჩის მხრიდან, რაზეც შემხვედრი კომენტარები იყო, ესეც არ იყო ნეიტრალური პოზიციის გამოხატულება. როცა ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს კანდიდატის შესაძლო წარდგენას, ამას თავისი სამართლებრივი საფუძველი აქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ საარჩევნო საკითხებზე 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. "ლეიბორისტთა" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩს ბრალი დასდო ბიძინა ივანიშვილის ლობიზმში. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჰუბერტ კნირშს "თარგმანში დაკარგული" უწოდა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ელჩმა დიპლომატიური შეცდომა დაუშვა. ოპოზიციის ეს ნაწილი აცხადებს, რომ პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლება დიპლომატების შუამავლობით "ქართულ ოცნებასთან" მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S