ზალკალიანი ამბობს, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება

30-06-2020 14:25:34 ეკონომიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, რომელსაც ევროკავშირი 1 ივლისიდან უხსნის საზღვარს, არაოფიციალურია.

მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო მართლაც იქნება ხსენებულ სიაში, თუმცა ოფიციალურ დასტურს ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება.

„ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან.

მისი თქმით, გადაწყვეტილებაში ასახული რეგულაციების შესაბამისი იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაციებიც:

„ველით, რომ დღეს, მაქსიმუმ ხვალ, უნდა იყოს მიღებული ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით, 4 დღეა ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე და დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება”.

როგორც მინისტრი ირწმუნება, რეგულარული ფრენების 1 აგვისტომდე გადადების შესახებ გადაწყვეტილება თანხვედრაში იყო ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან და საქართველოსთველოსთვის „არანაირი დამაზიანებელი ეფექტი“ ამას არ ექნება:

„ჩვენ არ მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო ეს შეთანხმებული ევროკავშირთან. ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავასწრებდით ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ ველით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ოფიციალურად დღეს ან ხვალ უნდა გამოცხადდეს და სხვა სფეროებთან დაკავშირებით დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 1 ივლისიდან ევროკავშირი საზღვარს მათ შორის საქართველოს უხსნის. საქართველომ კი რეგურალურ ავიარეისებზე შეზღუდვები 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. „ევროპული საქართველო“ მთავრობას ბრალს სდებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებაში და მოუწოდებს, ავიამიმოსვლა ევროკავშირის იმ ქვეყნებთან მაინც აღადგინოს, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები