
კობახიძე კვიციანსა და მარშანიას ენმ–სა და "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს
30/06/2020 21:14:09 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ემზარ კვიციანსა და ადა მარშანიას ენმ–სა და "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ორი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას [საკონსტიტუციო ცვლილებების], პირველი მოსმენის წინ ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე ადა მარშანია",– განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა სხვა დეპუტატებთან დაკავშირებითაც:
„მეორე მოსმენის წინ გვითხრეს, რომ ადა მარშანია რაჭაში იმყოფებოდა და წნევის გამო ვერ ჩამოდიოდა, გადავამოწმეთ და იყო ქობულეთში“.
კითხვას, რა ინტერესი შეიძლებოდა, ემზარ კვიციანს ჰქონოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სათანამშრომლოდ, კობახიძემ უპასუხა:
„ეს ინტერესი შეიძლება, ყოფილიყო სხვადასხვა. საზოგადოებას აინტერესებს, რის საფუძველზე შეთანხმდნენ? არ აინტერესებს. მე პასუხს ვაგებ იმ სიტყვებზე, რომელიც წარმოვთქვი. დანარჩენი, საზოგადოებამ განსაჯოს“.