კანდელაკი: „მთავრობა განიხილავს, რომ რეგულარული ფრენები არც აგვისტოში აღდგეს“
01/07/2020 09:51:33 ეკონომიკა
ავიაკომოანია Wizz Air-ის მხრიდან ქუთაისის ბაზისა და ფრენების გაუქმებას, ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას უკავშირებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, მთავრობა შეზღუდვების კიდევ უფრო გახაგრძლივებას განიხილავს.
„ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირ გავლენა მოახდინა მთავრობის გადაწყვეტილებამ, მცდარმა და საზიანო გადაწყვეტილებამ, რომ არ გაეხსნა რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც არის კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. უამრავი ადამიანი, ვინც იმედით შეყურებდა 1 ივნისიდან ფრენების გახსნას, მთავრობამ დატოვა შანსის გარეშე. ჩვენი ინფომაციით, მთავრობა განიხილავს, რომ რეგულარული ფრენები არ აღდგეს არც აგვისტოში, რაც იქნება გამანადგურებელი დარტყმა“,-განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია რომ კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს. კომპანიას საქართველოში 5 ბაზირებული თვითმფრინავი 40-მდე მიმართულებით ჰყავდა.
დღეს, 1 ივლისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული“. თავად კომპანიას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. 30 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება


