კობახიძემ საზმაუს ბორდის ახალ წევრს „ევრონაცი“ უწოდა
01/07/2020 12:39:30 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახლადარჩეულ წევრს ზაზა აბაშიძეს „ევრონაცს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის კვოტების პატივისცემის გამო აირჩიეს.
როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, აბაშიძე არის „სირცხვილიას“ აქტივისტი, ხოლო ეს სამოქალაქო აქტივისტები არიან „შმაცების კომკავშირი".
„მძინარაშვილის გარდა დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ „სირცხვილიას“ ერთ-ერთ აქტივისტს, ზაზა აბაშიძეს. სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი, ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია. ევრონაცი ავირჩიეთ იმის გამო, რომ კვოტას ვეცით პატივი. ეს არის პარლამენტში ვალდებულება - კვოტა უნდა დავიცვათ. ეს კვოტა დავიცავით და ზაზა აბაშიძე ავირჩიეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ აბაშიძემ კობახიძეს საპასუხოდ „კომკავშირელი“ უწოდა.
„ირაკლი კობახიძეს რაც შეეხება, კომკავშირლები და "შმაცები" სარკეში ჩახედვისას და პარტიის კრებებზე მისვლის დროს დაითვალოს. მისი ნათქვამი ყველა სიტყვა - პარტიულობის, კომკავშირლობისა (ამაზე განსაკუთრებით მეცინება) და მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერობაზე, ტყუილი გახლავთ. საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, მას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს", - წერს ზაზა აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დეპუტატებმა 1 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სამი ახალი წევრი აირჩიეს.
იხილეთ ასევე: TI: საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს


