ზურაბიშვილი – ელჩებს: "როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი"
01/07/2020 14:05:11 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა,- იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.
"როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული. სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.
იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ეროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ა.შ.შ. ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება ფალიტიტატორი ელჩების შუამავლობით 8 მარტს შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებსა და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას ეხებოდა, ხოლო მეორე მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების დაუშვებლობას. როგორც სეხვედრის მონაწილე ოპოზიცია განმარტავდა, ზეპირი შეთანხმება მოიცავდა მათ შორის სამ კონკრეტულ გვარს: გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი რურუას. მსგავსი შეთანხმების არსებობას მმართველი გუნდი უარყოფს.
15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა.


