„სასწაული იქნება, რუსეთმა ამ არჩევნებში ჩარევა არ სცადოს“
01/07/2020 15:16:07 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფიქრობს, რომ „სასწაული იქნება“ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა რუსეთმა არ სცადოს. ამის შესახებ მან ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა.
„ნამდვილად სასწაული იქნება, რუსეთმა ამ არჩევნებში ჩარევა არ სცადოს, რადგან ეს მათი ჩვეულებრივი ქცევაა. ამას აკეთებენ ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. საქართველოში ბუნებრივი წინააღმდეგობა და გამძლეობა არსებობს. ასევე არსებობს პროფესიონალთა ჯგუფიც, რომელიც ამაზე მუშაობს. ეს მჭიდროდ უკავშირდება მედიას. დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც ფარდა აეხდება ამგვარ ნარატივებს, რომლებიც რუსეთიდან მოდის და არა მარტო რუსეთიდან, რადგან სხვადასხვაგვარ ჩარევებს ვხედავთ ხოლმე“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა და დასძინა, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა გასულ წლებთან შედარებით გართულდა.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა ისიც, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხი ევროკომისიის მიერ აღიარებულია და ინვესტირებასაც გეგმავს:
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდეგი წლების განმავლობაში. ამაში ინვესტირებას ვაპირებთ. ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას“.


