აშშ–ის ელჩი – რუსეთზე: „საქართველო აშკარა სამიზნეა“

01-07-2020 19:59:19 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას. ამის სესახებ მან ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო რუსული დეზინფორმაციის აშკარა სამიზნეა.

„ვნახეთ, თუ როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ბევრ არჩევნებში ერევა და საქართველო აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა უკეთ შეაფასონ ის ინფორმაცია, რომელსაც იღებენ. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ, შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს“,– განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, დიდი წარმატება იქნება, თუ საქართველო კარგი არჩევნების ჩატარებას შეძლებს და კიდევ გახდება მისაბაძი მაგალითი არამარტო ამ რეგიონში.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კიბერუსაფრთხოების საკითხი, რადგან საქართველოზე ბოლო პერიოდში კიბერშეტევა განხორციელდა.

„საქართველოზე განხორციელდა დიდი შეტევა რუსეთის „გრუს“ მიერ. ეს გამომაფხიზლებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები