„საქართველო კოვიდისგან თავისუფალი ზონა და ველოდებით ჩვენს ტურისტებს“
01/07/2020 17:09:29 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც შეძლო და თითქმის ყველა მიმართულებით შეიმუშავა გაიდლაინები, რომელმაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების შესაძლებლობა შექმნა. ამის შესახებ მინისტრმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიღწევებზე საუბრისას აჭარაში, ბიზნესსექტორთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ტურისტებისთვისუსაფრთხოა.
„დღეს ჩვენ საკმაოდ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, უზრუნველყოფს თავისი დასაქმებულის უსაფრთხოებას და შემდეგ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორისთვისაც. სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვან სექტორში, რომელიც არის ტურიზმი საქართველოში, ჩვენ შევქმენით ძალიან უსაფრთხო გარემო ჩვენი ტურისტებისთვის, რის შედეგადაც თამამად ვაცხადებთ, რომ საქართველო არის კოვიდისგან თავისუფალი ზონა და ასევე უსაფრთხო. ველოდებით ჩვენს ტურისტებს, რომ უსაფრთხოდ დაისვენონ ჩვენს საკურორტო ზონებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.


