გახარია: „მწვანე ქვეყნად“ გამოცხადება გონივრულად უნდა გამოვიყენოთ“
02/07/2020 07:19:04 პოლიტიკა
ევროკავშირის მიერ საქართველოს კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო „მწვანე ქვეყნად“ გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევაა, იმ საერთო შრომის მიღწევა, რომელიც ჩვენ ბოლო 5 თვის განმავლობაში ერთად გავწიეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით. ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ამ დაფასებას ევროპელი პარტნიორი მხრიდან. მადლობას ვუხდით მათ ამ ობიექტური შეფასებისთვის. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან „მწვანე კორიდორების“ შექმნაზე. ეს მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ის უკიდურესად უნდა გონივრული უნდა იყოს“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ევროკავშირმა საქართველო იმ არაწევრ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთანაც საზღვრებს ხსნის, თუმცა საქარტველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენებზე რეგულაციები 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა განხილავს, ფრენები არც აგვისტოში აღადგინოს. მანამდე დაანონსებული იყო, რომ საერთაშორისო ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა 1 ივლისიდან მიეცემოდათ, თუმცა 2 ივლისის მდგომარეობით, საზღვრები ისევ ჩაკეტილია.


