გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დაინიშნება
02/07/2020 07:50:23 ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ განახლდება ის პროექტი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდებიან.
მისი თქმით, ამ პროცესში მხოლოდ ერთი ავიაკომპანია არ უნდა იყოს ჩართული და ორშაბათიდან უკვე გეგმა უნდა არსებობდეს, ხოლო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს.
"ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ქართველი ემიგრანტების, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე, ევროპის სხვადახვა ქალაქში - ეს პროცესი დროში რომ არ გაიწელოს, მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხომაზე და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, "ელემენტარული კონკურენცია" მაინც იყოს დაცული ავიაკომპანიებს შორის.
მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ კონკრეტული გრაფიკი და მდებარეობა, რომლითაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, 6 ივლისისთვის გამოქვეყნდება.
ცნობისთვის: სამ თვეზე მეტია, საქართველომ ევროპასთან რეგულარული ფრენები შეწყვიტა. ამ დრომდე ქვეყანაში დაბრუნება მხოლოდ "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავებით, ჩარტერული რეისებით იყო შესაძლებელი.
იხილეთ ასევე:


