იტალიამ საქართველოსთან საზღვარი გახსნა

02-07-2020 19:00:56 საგარეო პოლიტიკა

იტალიამ საქართველოსთან საზღვარი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.

"საქართველო ევროკავშირის საბჭოს 2020 წლის 30 ივნისის იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი მგზავრობაზე დროებით დაწესებულ შეზღუდვებს თანდათანობით მოუხსნის:

ამავე დღეს იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან) იტალიაში 14 ივლისამდე შესვლის თაობაზე. გაცნობებთ, რომ ამ დადგენილების თანახმად, იტალიაში შესვლა მიზეზისგან განურჩევლად ნებადართულია ევროკავშირის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის, ასევე, მათი ახლო ნათესავებისთვის (მეუღლე, პარტნიორი, 21 წლამდე ასაკის შვილები, მათთან მცხოვრები მშობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნათესავები).

აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, ვალდებულნი არ არიან დაასაბუთონ მგზავრობის მიზეზი (მაშინ, როდესაც გუშინდელ დღემდე საქართველოდან იტალიაში შესვლა ნებადართული იყო მხოლოდ სამუშაოსთან, გადაუდებელ საჭიროებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზებით).

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული ნორმატივის თანახმად, საქართველოდან შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 14 დღიანი თვითიზოლაცია. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდის სექციას "ხშირად დასმული კითხვები"

თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის (სრული ჩამონათვალი იხ. სექციაში "ხშირად დასმული კითხვები"). ამავე სექციიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ იტალიაში შესვლის შემთხვევაში გადაადგილების დასაბუთებისთვის საჭირო ავტო-დეკლარაციის ანკეტა", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპის ერთ–ერთი ქვეყანაა, სადაც ახალმა კორონავირუსმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენების აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო, თუმცა 30 ივნისს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები