საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ

02-07-2020 21:05:20 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ. შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენების აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო, თუმცა 30 ივნისს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები