თალაკვაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ისევეა ჩართული პოლიტიკურ პრცესებში, როგორც ეს ევროპაში ხდება

03-07-2020 16:25:43 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ისევეა ჩართული პოლიტიკურ პრცესებში, როგორც ეს ევროპაში ხდება. კერძოდ, მისი განმარტებით, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს როგორც პარტიის თავმჯდომარე.

„საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა და ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში, მაგალითად, სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. ასე რომ, აქ შეგვიძლია ჩვენ პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით ძველი ოპოზიცია, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა, ცდილობს მუდმივ სპეკულირებას, წარსულში ამბობენ რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს და ამას ჩვენ ვპასუხობთ საქმით“, - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილის კომენტირებისას.

„შეერთებული შტატები გვერდში უნდა დაუდგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში"- ამ სათაურით წერილი გამოცემა „ჰილში" რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა.

კონგრესმენი წერს, რომ პუტინის მოკავშირე ივანიშვილისთვის ძალაუფლების კონსოლიდაცია და კონტროლი მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება და ის აქტიურად მუშაობს ქვეყნიდან ამერიკული კომპანიების გასაძევებლად. მაგალითად მარკუეინ მალინს მოჰყავს „ფრონტერა" და სხვა ამერიკული კომპანიები, რომელთა საკუთრების მიტაცებასაც, მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები