ადვოკატი: „ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია“

06-07-2020 15:40:30 ადამიანი და კანონი

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია– იუწყება ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გელხაური.

როგორც ადვოკატი ამბობს, ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა:

„ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ იმ ტერიტორიებზე იმალებოდა ამირხანაშვილი. იქ შეიძლებოდა, ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს“.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი ბრალდებულის გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ მან ხანძარი 4 ივლისს, დილით შენიშნა:

„მოქალაქე იძახებდა სახანძროს. ჩემი თვალით ვნახე, რომ იწვოდა. თუმცა, დაიწვა თუ რა მოხდა, აღარ ვიცი“.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები