ესტონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის
06/07/2020 18:13:29 პოლიტიკა
ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შესვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს, – იუწყება ესტონეთში საქართველოს საელჩო.
საქართველოდან ესტონეთში გამგზავრებისას პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შესვლის მოთხოვნებს. ეს აუცილებელი წინაპირობაა:
საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;
პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მიემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში („კოვიდ-19“-ის ინკუბაციისთვის საჭირო პერიოდი).
საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შედის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას.
საელჩოს ცნობით, ესტონეთში მოგზაურობისათვის მთავრობის მიერ დადგენილი განახლებული ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ვებგვერდზე.


