
TI: საგანგებო მდგომარეობის დროს ტენდერებს „ქართული ოცნების“ შემომწირველები იგებდნენ
07/07/2020 08:34:04 პოლიტიკა, სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილს „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები იგებდნენ.
კვლევის თანახმად, ორგანიზაციამ შეისწავლა 21 ტენდერი.
„ჩვენ მიერ შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. აღნიშნული 25 კომპანიის მფლობელებმა 2016- 2020 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 2.3 მლნ ლარზე მეტი შეწირეს", - ვკითხულობთ კვლევაში.
ირკვევა, რომ ფიქსირდება იმგვარი შესყიდვებიც, როცა მიმწოდებელს კონტრაქტი შემოწირულობის გაღებიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს.
TI აცხადებს, რომ გარკვეული სამსახურები გამარტივებული წესით გაფორმებული შესყიდვების კონტრაქტებს არ ასაჯაროვებს:
„მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს. ეს პრობლემა საგანგებო მდგომარეობამდეც აქტუალური იყო".
„გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა - 24.4 მლნ. ლარი ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა. შემდეგ მოდის სასტუმროების მომსახურების შეძენა 23.6 მლნ. ლარით.