ბორცვაძე – შაქარაშვილის საქმეზე: „ჩვენებებში წინააღმდეგობები შეინიშნება“

07-07-2020 14:36:33 სამართალი

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებულ ჩვენებებში წინააღმდეგობები შეინიშნება, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ადამიანები ვითარებას ინდივიდუალურად აღიქვამენ.

„გიდასტურებთ, რომ ჩვენებებში გარკვეული წინააღმდეგობები არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით შესწავლილ უნდა იქნას და შეფასდეს. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით მისცა არასწორი ჩვენება, ბუნებრივია, ამასზე ვიმსჯელებთ, მაგრამ აქ გასამიჯნია: ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ხელს არავის დავაფარებ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გარემოებებს აღიქვამს ინდივიდუალურად. ამიტომ, ეს გასამიჯნია. თუ ჩვენებებში სხვაობები შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნითაა განხორცელებული, ამას შესწავალა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება სჭირდება“,– განაცხადა ბორცვაძემ საკითხის კომენტირებისას, რომ რიგ მოწმეებს ჩვენებები შეცვლილი აქვთ. ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა ფოტოგრაფზე, საქმის ერთ–ერთ მოწმე იაკობ ბრეგვაძეზე, რომელიც საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ თბილისში ავტო–სტოპით ბრუნდებოდა. თუმცა ცნობილია, რომ ის თბილისის მიმართულებით გიორგი შაქარაშვილთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად მოძრაობდა.

ბორცვაძის თქმით, გამოძიებით დადასტურებულია, რომ ბრეგვაძეს წვეულებამდე „ამ ხალხთან ნაცნობობა არ აკავშირებდა“, ნამდვილად ბრუნდებოდა თბილისში შაქარაშვილთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად და ჩვენების დეტალები „გასავლელია“.

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში „შკოდას“ ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, ტყუილია.

ბორცვაძის თქმით, გავრცელებულ ვიდეოში ავტომობილი არა „შკოდას“, არამედ „ტოიოტა პრიუსის“ მარკისაა და ტაქსია, რომლის მძღოლი დაკითხულია.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები