
შაქარაშვილის საქმე: დამწვარი ტერიტორიის ფაქტზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს
07/07/2020 10:42:07 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია იმის დასადგენად, რომ ადგილი, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ–ერთი მოწმე გური ამირხანაშვილი იმალებოდა, განზრახ დაწვეს თუ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი.
„ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არის გამოძიების საგანი, ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს”, - განაცხადა ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინზე.
ცნობისთვის, ადგილი, სადაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, ერთ-ერთი მოწმე გური ამირხანაშვილი იმალებოდა, დაიწვა. ამის სესახებ 7 ივნისს ერთ–ერთი ადვოკატისგან გახდა ცნობილი.