Der Standart: მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე “ვენელ ანზორს” ჯავშანჟილეტის შეძენა სურდა

07-07-2020 18:07:45 კავკასია

ჩეჩენი პოლიტდევნილი მამიხან უმაროვი (ცნობილი იყო ვენელი ანზორის სახელით, პასპორტში კი მარტინ. ბ.-დ ფიგურირებდა) მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სთხოვდა ნაცნობს, ჯავშანჟილეტის შეძენაში დაჰხმარებოდა, - წერს ავსტრიული გამოცემა Der Standard.

როგორც გამოცემა ავსტრიის კონსტიტუციის დაცვის უწყების მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, მარტინ ბ.-მ, რომელიც ძალზე ცნობილი იყო ადგილობრივ ჩეჩნურ დიასპორაში თავისი ვიდეობლოგის წყალობით, პოლიციის მიერ დაცვაზე უარი განაცხადა. თუმცა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა ნაცნობს, რომ საფრთხეში იყო.

“სააგენტო APA ციტირებდა ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოს იგორ მოსიიჩუკს, რომელსაც მარტინ ბ.-მ დახმარება სთხოვა ჯავშანჟილეტის შეძენაში და როგორც მოსიიჩუკი აღნიშნავს, ზომაც დაუსახელა” – წერს Der Standard.

საუბარია ყოფილ დეპუტატ მოსიიჩუკზე, რომელიც 2017 წელს კიევში თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი, თუმცა გადარჩა.

“შემდეგ მოსიიჩუკი ისრაელში ნაცნობებს დაუკავშირდა ჟილეტის გამოსაწერად. თხოვნაზე, მიწოდების მისამართი დაესახელებინა, 23 ივნისს მარტინ ბ.-მ მოსიიჩუკს ვენის დონაუშტადტის რაიონში დაუსახელა მისამართი», – წერს გამოცემა.

Der Standard-ს პოლიციის მონაცემებიც მოჰყავს იმის შესახებ, რომ ორივე ეჭვმიტანილი უარს აცხადებს გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობაზე.

მისივე ინფორმაციით, მკვლელობის უშუალო განხორციელებაში ეჭვმიტანილი 47 წლის მამაკაცი ზემო ავსტრიაში, ანსფელდენში იყო რეგისტრირებული. მეორე მამაკაცის - მისი თანამზრახველის ზუსტი როლი საქმეში ჯერ გამოკვეთილი არ არის.

“არსებული ინფორმაციით, იგი მკვლელობაში ეჭვმიტანილთან ერთად ჩავიდა გერასდორფში და საქმეში ჯერ თვითმხილველად განიხილებოდა, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემის შემდეგ პოლიციამ აღარ გაუშვა», – წერს გამოცემა.

იხილეთ ასევე: კრემლის მიერ დაკვეთილი მორიგი მკვლელობა: ვენაში რუსეთის საელჩოსთან ჩეჩნების აქცია იგეგმება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები